Saturday, May 15, 2010

რეზერვი (ეროვნული გვარდიის ხედვა)

ეროვნული გვარდიის ხედვა

1. შესავალი
ეროვნული გვარდიის ხედვა არის პირველადი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ხედვას ეროვნული გვარდიის რეზერვის (შემდგომში _ რეზერვის) ახალი სისტემის (რომელიც 2010 წლიდან უნდა ამოქმედდეს) განვითარების, მისი მიზნების და ამოცანების, პირადი შემადგენლობის, წვრთნების, ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეროვნული გვარდიის მოქმედების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები, სამართლებრივი აქტები, შეიარაღებული ძალების საბრძოლო და საჯარისო წესდებები.
წინამდებარე ხედვა ეფუძნება `მინისტრის ხედვა 2009~ დოკუმენტს და შესაბამისობაში იქნება სტრატეგიული დონის დოკუმენტებთან, კერძოდ “საფრთხეების შეფასების დოკუმენტი”, `ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია~ და `ეროვნული სამხედრო სტრატეგია~, ასევე სხვა დოკუმენტები. ხედვა წარმოადგენს საფუძველს უფრო დეტალური გეგმების შემუშავებისათვის (დაკომპლექტება, წვრთნა, აღჭურვა და სხვა).
საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეზერვის ეფექტური სისტემის არსებობას, რომელმაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. აღნიშნული გულისხმობს სარეზერვო ქვედანაყოფების და სპეციალისტ-რეზერვისტთა მომზადების, მათი გამოყენების ხანგრძლივობისა და მასშტაბების გადახედვის აუცილებლობას, რაც უპირველეს ყოვლისა რეზერვის წინაშე დასმული ამოცანების ხასიათზე აისახება.



2. რეზერვის მნიშვნელობა
რეზერვში სამსახურს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან დამაკავშირებელ რგოლს. საზოგადოება ეცნობა შეიარაღებული ძალების საქმიანობას, იზიარებს მის გამოცდილებას, აგრეთვე აცნობიერებს და ითავისებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. სამოქალაქო პირებს სურვილი უჩნდებათ და შესაძლებლობა ეძლევათ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დაიცვან სამშობლო საგანგებო სიტუაციებისა და ომის შემთხვევაში.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა სარეზერვო სამსახურში სამხედრო კარიერის დაწყების ან გაგრძელების და განვითარების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ დაეხმარება შეიარაღებული ძალების აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.




3. ეროვნული გვარდიის/რეზერვის მიზნები და ამოცანები
• გარე საფრთხეებზე რეაგირება – რეზერვი განახორციელებს საბრძოლო და მხარდამჭერი ოპერაციების ამოცანებს გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით, რეზერვისტთა მომზადების შესაბამისად;
• შიდა საფრთხეებზე რეაგირება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის დახმარება საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების დროს (ბუნებრივი, ტექნოგენური, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება სხვადასხვა უწყებებთან ერთობლივად), პირველ რიგში მუდმივი შემადგენლობით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში რეზერვის გამოძახებით, მათი მომზადების შესაბამისად;
• ეროვნული გვარდიის ამოცანაა მოამზადოს რეზერვისტები და გაატაროს ღონისძიებები საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის, სიტუაციების დროს რეზერვის ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად.



4. მიღებული გამოცდილება და გამოვლენილი ნაკლოვანებები
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოს წინაშე კვლავ არსებობს სამხედრო აგრესიის განხორციელების საფრთხე, რომლის შედეგებიც მძიმე იქნება ქვეყნისათვის. მიღებული გამოცდილების შედეგად, დღის წესრიგში დადგა არსებული რეზერვის სისტემის გადახედვის აუცილებლობაც, რომელიც რეზერვისტთა რაოდენობის ნაცვლად ორიენტირებული იქნება მათ ხარისხსა და ეფექტურობაზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში, ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვაში, აგრეთვე ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლებისათვის დახმარების აღმოჩენაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც დამხმარე ძალა, მოტივირებული და კვალიფიციური რეზერვისტები.
მიმდინარეობს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რეზერვის სისტემების გამოცდილებისა და პრაქტიკის შესწავლა, შესაბამისად, ხელსაყრელი ელემენტების ახალ სისტემაში დანერგვა და ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთოებების დამყარება.
დღემდე რეზერვის სისტემის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს:

• რეზერვისტთა უმრავლესობის მიერ სამხედრო საქმის არცოდნა, რადგან ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც მანამდე სამხედრო სამსახური გავლილი არ ჰქონდათ;
• მომზადების მცირე პერიოდი;
• ბრიგადებისა და ბატალიონების მართვის რგოლის დეფიციტი (500 რეზერვისტის სამართავად დანიშნული იყო 5 სამხედრო მოსამსახურე მუდმივი პირადი შემადგენლობიდან) და საერთო მართვის არაეფექტურობა.

რეზერვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება საჭიროებს:

• მართვის, კონტროლის და აღრიცხვის გაუმჯობესებას;
• რეზერვისტთა და ეროვნული გვარდიის მუდმივი პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ახალი პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
• რეზერვისტთა და ეროვნული გვარდიის მუდმივი პირადი შემადგენლობის კვალიფიციურ შერჩევას;
• არსებულ საკანონმდებლო ბაზაში და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.



5. ბაზები
მოხდება ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია. პირველ ეტაპზე დარჩება ეროვნული გვარდიის ორი ბაზა, ნაცვლად ხუთისა:
• დასავლეთის მიმართულება (სენაკი) _ მე-10 მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადა;
• აღმოსავლეთის მიმართულება (თელავი) _ 20-ე მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადა;
• ეროვნული გვარდიის მმართველობა და შტაბი, აგრეთვე მართვისა და უზრუნველყოფის ასეულები (თბილისის);
• ეროვნული გვარდიის რეგიონალური სამხედრო წარმომადგენლობები.
• საველე საწვრთნელი ბაზები (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში).

გრძელვადიან გეგმებში გათვალისწინებული იქნება თითო მსუბუქი-ქვეითი კადრირებული ბრიგადა ცენტრალურ (თბილისი) და სამხრეთ მიმართულებებზე.



6. პირადი შემადგენლობა
რეზერვის მომზადებისა და გამოყენების პერიოდში სამეთაურო რგოლი დაკომპლექტდება ეროვნული გვარდიის მუდმივი პირადი შემადგენლობით.
ეროვნული გვარდიის შემადგენლობა იქნება შემდეგი:
• ეროვნული გვარდიის მუდმივი პირადი შემადგენლობა (რომლებმაც უნდა მოამზადონ და მართონ რეზერვისტებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფები);
• ნებაყოფლობითი რეზერვი;
• სავალდებულო რეზერვი.
რეზერვის რიგებში ჩამოყალიბდება ორი - ნებაყოფლობითი და სავალდებულო - რეზერვის სისტემა, რომელიც იქნება საბრძოლო მომზადების მქონე, სათანადოდ აღჭურვილი და ეფექტური. ნებაყოფლობითი და სავალდებულო რეზერვი გამოძახებული იქნება სასწავლო საწვრთნელ შეკრებაზე, საომარი მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციების დროს.

ნებაყოფლობით რეზერვში ჩაირიცხება ნებისმიერი მოქალაქე (წვევამდელების გარდა), ვისაც რეზერვში სამსახურის და საკუთარი ქვეყნის დაცვის სურვილი აქვს და აკმაყოფილებს ჯანმრთელობის და ფიზიკური მომზადების დონეს.
ეროვნული გვარდიის სარეზერვო სამსახურში ნებაყოფლობით ჩარიცხვისას რეზერვისტთან გაფორმდება კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. კონტრაქტის ფორმას განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტრო. ნებაყოფლობითი წესით ჩარიცხული რეზერვისტი მიიღებს ანაზღაურებას.
სავალდებულო რეზერვი კომპლექტდება სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 45 წლამდე პირებისგან, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან.
_ პირებისაგან, რომლებმაც გაიარეს სავალდებულო ან/და საკონტრაქტო სამხედრო სამსახური (თავდაცვის სამინისტროში, შინაგან ჯარში, სასაზღვრო უწყებაში, სამთავრობო დაცვაში და სხვა) ბოლო 5 წლის განმავლობაში და დათხოვნილ იქნენ რეზერვში ჩარიცხვით:
ა) პირებისაგან, რომლებმაც გაიარეს ,,წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა~, საწყისი საბრძოლო მომზადება (Bჩთ) და სხვა, ამჟამად აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში საკუთარი სურვილით;
ბ) პირებისაგან, რომლებმაც სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს სამხედრო განათლება, მათი სწავლისათვის დაიხარჯა ფული და ამჟამად აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში თავისი სურვილით.
გ) გამონაკლისის სახით პირებისაგან, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ჩარიცხულები არიან რეზერვში (იგულისხმება 27 წლის ზევით აღრიცხვაზე მყოფი რეზერვისტები, რომლებიც ფლობენ შეიარაღებული ძალებისათვის საჭირო სპეციალობებს).
სავალდებულო რეზერვში არ იქნებიან გაწვეულნი:
• რეზერვის ოფიცრები, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში იმსახურეს 10 წელზე მეტი;
• 18 თვის მანძილზე, პირები, რომლებმაც დაამთავრეს რეგულარულ ჯარში სამხედრო სამსახური და ჩაირიცხნენ რეზერვში, რათა მათ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარების საშუალება მიეცეთ.
რეზერვის შეკრების ვადა განისაზღვრება წინასწარ გაწერილი საბრძოლო მომზადების პროგრამების და გეგმების მიხედვით, რასაც საჭიროების შემთხვევაში დაემატება 5 დღე (საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა და მათი შეკრების უზრუნველყოფის მიზნით). საერთო ჯამში რეზერვისტები გაივლიან მომზადებას არაუმეტეს 200 დღისა. მათი მომზადება მოხდება სეზონურად (პირველ წელს ზაფხულში, მეორე წელს ზამთარში და ა.შ.). რეზერვისტები მომზადებას გაივლიან საველე პირობებში (კარვებში).
ახალი სისტემით მომზადებულ რეზერვს, რომელიც დაასრულებს მომზადების სრულ კურსს და გაივლის საკონტრაქტო სამსახურით გათვალისწინებულ მომზადებას, დათხოვნილ იქნება სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან და აღრიცხვაზე დადგება, როგორც მომზადებული რეზერვისტი შესაბამის რაიონულ განყოფილებაში სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით. რეზერვისტს, რომელსაც კონტრაქტით გათვალისწინებული რეზერვში სამსახურის პერიოდში სურვილი ექნება სამსახური გააგრძელოს ძალოვან სტრუქტურებში და წარმოადგენს ცნობას დანიშვნის შესახებ, მხარეთა შეთანხმებით განთავისუფლდება სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან, ხოლო მის ადგილს ქვედანაყოფებში დაიკავებს სხვა პირი, რომელიც გამოძახებული იქნება ნებაყოფლობით ან სავალდებულო წესით.
როგორც უკვე აღინიშნა, რეზერვისტთა მომზადების პერიოდში მართვისა და კონტროლის ეფექტური განხორციელებისათვის აქცენტი უნდა გაკეთდეს რეზერვისტთა მომზადების ხარისხზე.
ამ ეტაპზე რეზერვის რაოდენობა უნდა იყოს შედარებით მცირერიცხოვანი (არანაკლებ 3000 პირისა). რეზერვისტები ძირითადად დაინიშნებიან სერჟანტთა და კაპრალთა საშტატო კატეგორიებზე. გარდა ამისა, ოფიცერთა თანამდებობებზე დაინიშნებიან რეზერვის ოფიცრები (საშტატო კატეგორიები _ უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი, მაიორი).
რეზერვისტები ჩაირიცხებიან გვარდიის კადრირებული ბრიგადების კადრირებული ბატალიონების შემადგენლობაში. ერთი კადრირებული ბატალიონის შემადგენლობა შეადგენს 520 სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის იქნება 72 სამხედრო მოსამსახურე მუდმივი შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეზერვისტთა მომზადებას, მართვას და კონტროლს.
ბატალიონები შევლენ ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადის შემადგენლობაში, ბატალიონებს ეყოლება თავისი შტაბი და უზრუნველყოფის ოცეულები (ექიმები, ინჟინრები, კავშიგაბმულობის სპეციალისტები და სხვა).
ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის, მათ შორის რეზერვისტების შეიარაღებისა და საბრძოლო კომპლექტის შენახვა უნდა მოხდეს ქვედანაყოფების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. შესაბამისად, აუცილებელია საცავების, სასაწყობე მეურნეობისა და ახალი ნაგებობების ექსპლუტაციაში შეყვანა.
რეზერვისტები შეკრების გავლის შემდეგ თავიანთი აღჭურვილობას (ფორმა და ზურგჩანთა) შეინახავენ სახლებში, რაც საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ სასაწყობე მეურნეობისათვის აუცილებელი ხარჯები, გარდა ამისა, ამით შესაძლებელი გახდება რეზერვისტთა საბრძოლო მზადყოფნაში სწრაფი მოყვანა.
რეზერვისტებს, რომლებმაც გაიარეს 18 დღიანი მომზადება, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ და დადგებიან რეზერვისტთა აღრიცხვაზე შესაბამის რაიონულ განყოფილებაში. ისინი შესაძლებელია გამოვიყენოთ სამაშველო კუთხით, კატასტროფების, ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების შემთხვევაში. ასევე უნდა განხორციელდეს მათი აღრიცხვა რეგიონის, რაიონების, ქალაქების, სოფლების და უბნების მიხედვით და გამოყენება რეგიონული და ტერიტორიული პრინციპით (მაგ: `ლაგოდეხელი იცავს ლაგოდეხს~ პრინციპით).


7. წვრთნები
აუცილებელია დანიშნული მუდმივი პირადი შემადგენლობიდან იმ სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა, რომლებმაც უნდა მიიღონ უშუალო მონაწილეობა რეზერვისტების გაწვთნასა და მართვაში, მათთვის შესაბამისი საბრძოლო მომზადებისა და სწავლებების ჩატარება, როგორც გვარდიის ბაზაზე, ასევე შეიარაღებული ძალების და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ერთობლივი წვრთნების ჩატარება რეგულარულ ჯართან ერთად.
შეკრების პერიოდში რეზერვისტები გაივლიან ინდივიდუალურ მომზადებას. ამასთანავე, ისინი შეერწყმებიან ათეულებში, ოცეულებში, ასეულებში და ბატალიონებში. გარდა ამისა, მომზადების დამასრულებელ ფაზაში განხორციელდება რეზერვისა და რეგულარული ჯარის ერთობლივი წვრთნები და სწავლებები.
შესაბამისად, ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობისათვის წვრთნები შეგვიძლია დავყოთ ორ მიმართულებად:
• საბრძოლო:
ა) მუდმივი შემადგენლობისათვის;
ბ) მუდმივი და რეზერვისტთა ერთიანი შემადგენლობით;
გ) რეგულარულ ჯართან ერთად;
• წვრთნები საგანგებო სიტუაციებისთვის, სამოქალაქო და სხვა სტრუქტურულ უწყებებთან ერთად.




8. რეგიონალური სამხედრო წარმომადგენლობა
ეროვნული გვარდიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა ეროვნული გვარდიის რეგიონალური, წარმომადგენლობების შექმნა, რომლებსაც დაევალებათ:
• რეზერვისტების აღრიცხვა, მათი საცხოვრებელი ადგილებისა და სპეციალობების მიხედვით შესწავლა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის კონტროლის მექანიზმის შემუშავება;
• რეგიონის, რაიონების, ქალაქებისა და სოფლების გეოგრაფიული გარემოს (რელიეფი, კლიმატი) და მათთვის დამახასიათებელი ხშირი ბუნებრივი თავისებურებების (წყალდიდობა, მეწყერი, ტყის ხანძარი და ა.შ.) შესახებ შესაბამისი სტრუქტურებიდან საჭირი ინფორმაციის შეგროვება და დაგეგმვისთვის გამოყენება;
• თავდაცვისათვის მნიშვნელოვანი საწარმოების და სტრატეგიული ობიექტების აღწერა და არსებული მდგომარეობის შესწავლა;
• ადგილობრივი თვითმართველობის მიერ წარმოდგენილი ადამიანური რესურსის შესწავლა და ანალიზი, აგრეთვე რეგიონში სახელმწიფო და კერძო საკუთრების განკარგულებაში მყოფი ტექნიკის (ტრაქტორი, ამწე, სატვირთო და სხვა) შესახებ მონაცემების შეგროვება;
• შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში პირადი შემადგენლობის მოზიდვაში მონაწილეობა და სამხედრო საქმის პოპულარიზაცია რეგიონებში.

9. რეზერვისტთა უფლება-მოვალეობები და სოციალური გარანტიები
შეკრების გავლის პერიოდში რეზერვისტებზე გავრცელდება სამედიცინო დაზღვევის პაკეტი შეიარაღებულ ძალებში დადგენილი წესით.
შეკრებაზე ყოფნის პერიოდში რეზერვისტებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი და ნებაყოფლობითი წესით ჩარიცხული რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სახელფასო ფულადი ანაზღაურებით, ხოლო სავალდებულო წესით ჩარიცხული რეზერვისტი მიიღებენ ნებაყოფლობითი წესით ჩარიცხული რეზერვისტების ანაზღაურების 20%-ს.
სამხედრო სარეზერვო შეკრების გავლის პერიოდი პირს ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.
თუ რეზერვისტი დასაქმებულია, შეკრების პერიოდში დამსაქმებელი ვალდებულია არ შეაფერხოს მისი გაშვება სარეზერვო სამსახურში, შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი და ხელფასი. თუ რეზერვისტის სამუშაო ადგილზე არსებული ხელფასი ნაკლებია სარეზერვოს შეკრების დროს გათვალისწინებულ ერთი თვის ანაზღაურებაზე, რეზერვისტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების სახით მიეცემა მითითებულ ორ ხელფასს შორის არსებული სხვაობა.
სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს ენიჭება უპირატესობა კონკურსის წესით საჯარო სამსახურში მიღების დროს.
თუ ადგილი არ ექნება რეზერვისტის მხრიდან დარღვევებს, რეორგანიზაციისა და სამსახურიდან სხვა მასიური დათხოვნების შემთხვევაში მას დაიცავს კანონი.
რეზერვისტს, რომელმაც დაამთავრა მომზადების პროგრამა, ექნება განმასხვავებელი სამკერდე ნიშანი, სერთიფიკატი და ეროვნული გვარდიის რეკომენდაცია/დახასიათება, რომელიც გადაეცემა საბრძოლო მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ.
რეზერვისტზე გაცემული აღჭურვილობის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში ის მიიღებს ახალს, ხოლო შესაბამისი თანხა მას დაექვითება ხელფასიდან. ოფიციალური გამოძახების და შეკრებების გარდა სამხედრო ფორმის ტარება აკრძალულია.

10. გასატარებელი საკანონმდებლო ცვლილებები
რეზერვის აღნიშნული სისტემის დასანერგად, გასატარებელია შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები:
• ახალი კანონის შემუშავება `სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს კანონში `სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს კანონში `საგანგებო მდგომარეობის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს კანონში `ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს კანონში `სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს კანონში `საჯარო სამსახურის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს კანონში `მობილიზაციის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს #462-ე ბრაძანებულებაში `საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ~;
• ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცება;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში `საქ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის #297 ბრძანებაში `საჯარო სამართლის იურიდიული პირის -`საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე~;
• ცვლილებების და დამატებების შეტანა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის #33 ბრძანებაში `საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ~.

No comments:

Post a Comment