Monday, May 31, 2010

დამოუკიდებლობის დღე (ფოტოები)




დამოუკიდებლობის დღე (26 მაისი 2010 )

დამოუკიდებლობის დღე

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო აღლუმზე მოწვეული სტუმრებისა და დასწრების მსურველთა შეკრება პარლამენტის შენობის წინ, შ.რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 სთ–ზე დაიწყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 11:00 სთ–ზე პარლამენტის შენობის წინ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მობრძანებით გაიხსნა. მთავარსარდალს აღლუმში მონაწილე პირადი შემადგენლობა მოწყობილი დახვდა, პატაკი მას აღლუმის სარდალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შეიარაღებული ძალების ორკესტრის თანხლებით, მარიამ კახელიშვილმა შეასრულა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა აღლუმის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა; „დღეს ჩვენი უძველესი ერი ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე ყველასთვის სათაყვანებელია, იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარული ერისთვის არაფერი არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობაა, მითუმეტეს ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო თითქმის ყველა მსოფლიო იმპერიების შემოტევას და ამ იმპერიების ოკუპაციას... თუმცა საქართველო არ გატყდა – ისევ არსებობს ქართველი ერი, გაუტეხელი, შეუდრეკელი, როგორც დღისა მისი დაბადებიდან, ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი ქართული დროშა. ამიტომ არის ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი. მსოფლიოში ძალიან ცოტა მეგულება ერი, რომელსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის მიმართ როგორც ჩვენ ქართველ ერს იმიტომ, რომ თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი ეს არის ჩვენი ქართველი ერი, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს თაობას დიდი პრივილეგია გვერგო წილად – ჩვენ ვცხოვრობთ დროში როცა საქართველო დამოუკიდებელია. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ არ გვეშინია დამპყობლის რეპრესიების... ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას. ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არ არის, ჩემო მეგობრებო, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა. რასაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ეს გულის ფეთქვა შეაჩეროს, ამას ის ვეღარასდროს შეძლებს და ეს ყევლამ ერთად უნდა განვაცხადოთ,“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიმართვის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობისა და კეთილდღეობისთვის გაწეული სამსახურისთვის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენით ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონის წევრები – ნუგზარ შარაშიძე, მირზა კონცელიძე, ასლან ინაიშვილი და ალბერტ ხინკილაძე დააჯილდოვა. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენები მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძეს, ნინო ანანიაშვილს, ნინო სუხიშვილს, ნიკა ვაჩეიშვილს, ალბერტო დომინგო კაბოს, დანიელ კუნინს, ლადო გურგენიძეს, კობა ნაყოფიას, ხატერ მასადის, ალექსანდრე ბესტავაშვილს, როლანდ ახალაიას (პროკურორი),ლევან ალექსიძეს, იულონ გაგოშიძეს, როლანდ ახალაიას (ექიმი), ნიაზ დიასამიძეს, ჯემალ ჭკუასელს, ნანი ბრეგვაძეს, ირაკლი ეზუგბაიას, რამაზ ნიკოლეიშვილს, შამილ ქორქოშიძეს, ეკა ზღულაძეს, ილიკო სუხიშვილს და პაატა ბურჭულაძეს.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სარდლის ხელმძღვანელობით აღლუმის საზეიმო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობას წინ უძღვებოდნენ შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების მეთაურები. აღლუმში 4325 ქვეითმა მიიღო მონაწილეობა. ქვეითების შემდეგ რუსთაველის გამზირზე კოლონებად ჩაიარა სამხედრო ტექნიკამ: კავშირგაბმულობის ავტომანქანებმა; მსუბუქმა ჯავშანტექნიკამ (Humvee, Cobra); ჯავშანტრანსპორტიორებმა (BTR-80, EJDER); ავტომობილებით ჩაიარა საარტილერიო ქვედანაყოფების შემადგენლობამ: საარტილერიო სისტემებმა (Msta-B, Giatsint, RM-70, GRADLAR, DANA). აღლუმი ავიაციის საჩვენებელმა ფრენამ - შვეულმფრენებმა (UH1-1H, MI-8), მოიერიშე შვეულმფრენებმა ( MI-24) და მოიერიშე თვითმფრინავებმა (SU-25) დაასრულეს. (სულ– 117 ერთეული სახმელეთო და 18 საჰაერო საშუალება). აღლუმზე სამხედროები ახალი შეფერილობის ტექნიკითა და ფორმებით წარდგნენ. საზეიმო ცერემონიალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
როგორც საზეიმო მსვლელობის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, აღლუმზე წარმოდგენილი იყო ახალი ტექნიკის გარკვეული ნაწილი, ახალი ეკიპირება და უნიფორმა, რაც საკმაოდ მოხერხებული და კომფორტული აღმოჩნდა ქართული ჯარისთვის.
აღლუმზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის და ხელისუფლების წარმომადგენლების ხსოვნას.

სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და წმინდა სინოდი; საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები; დიპლომატიური კორპუსი; რელიგიური კონფესიები; საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები; ხელოვანები და სპორტსმენები; სახალხო დამცველის ოფისი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე საგანგებოდ იყვნენ მოწვეული ლეხ და მარია კაჩინსკების ოჯახის წევრები და პოლონეთის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები.



საქართველოს კანონი "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ორგანიზებას, კატეგორიებს, ფორმირებისა და გავლის წესს.

მუხლი 2. სამხედრო ძალების რეზერვი
1. სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად.
2. ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.
3. სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად:
ა) აქტიური რეზერვი, რომლის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა;
ბ) ეროვნული გვარდიის რეზერვი, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;
გ) ინდივიდუალური რეზერვი, რომლის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება.

მუხლი 3. სამხედრო ძალების რეზერვის დაკომპლექტება
1. აქტიური რეზერვი კომპლექტდება პირებისაგან, რომლებიც სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არიან რეზერვში ჩარიცხვით და რომლებიც ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობით აკმაყოფილებენ ამ კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
2. ეროვნული გვარდიის რეზერვი კომპლექტდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, იმ პირებისაგან, რომლებიც თავიანთი სპეციფიკური ცოდნით ან/და გამოცდილებით აკმაყოფილებენ ამ კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. ინდივიდუალური რეზერვი კომპლექტდება პირებისაგან, რომლებიც არ ირიცხებიან აქტიურ და ეროვნული გვარდიის რეზერვებში, იმ პირებისაგან, რომლებმაც ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტების საფუძველზე გაიარეს სამხედრო სარეზერვო სამსახური, აგრეთვე პირებისაგან, რომლებმაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე ისარგებლეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით და შეუსრულდათ 27 წელი. (11/07/2007 N5241)
4. აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ერთჯერადად სავალდებულოა. თუ აღნიშნული პირები საკუთარი სურვილით გაივლიან სარეზერვო სამსახურს დამატებით ორი ვადით, მათ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხებიან ინდივიდუალურ რეზერვში. (11/07/2007 N5241)
41. თუ სტუდენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სარეზერვო სამსახურის დამატებით ორი ვადით გავლა ემთხვევა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებას, იგი საკუთარი სურვილით შეიძლება გაიწვიონ სამხედრო სარეზერვო სამსახურში. (11/07/2007 N5241)
42. ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად სარეზერვო სამსახურის გავლის შემთხვევაში პირს სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხება ინდივიდუალურ რეზერვში. (11/07/2007 N5241)
5. ამოღებულია (11/07/2007 N5241)

მუხლი 4. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა
1. პირს საბრძოლო მომზადების მიზნით სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაიწვევენ ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად.
2. პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახებს და შემკრებ პუნქტში მიიყვანს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. (11/07/2007 N5241)
3. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობა პირს ჩაეთვლება შრომის სტაჟში. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამასთანავე, შესაძლოა გაითვალისწინონ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა შეუფერხებელი საქმიანობა.

მუხლი 5. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი
1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება 27-დან 40 წლის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის. (11/07/2007 N5241)
11. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი პირისათვის, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, განისაზღვრება 23 წლიდან, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდგომ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება ეროვნული გვარდიის რეზერვში. (11/07/2007 N5241)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ასაკის პირს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს გაიაროს სამხედრო სარეზერვო სამსახური.

მუხლი 6. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვადა რეზერვში ჩარიცხული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურს გაივლის წელიწადში ერთხელ, 18 დღის ვადით.

მუხლი 7. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა
აღრიცხვა (11/07/2007 N5241)

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებასა და შემკრებ პუნქტებში მიყვანას.
მუხლი 8. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება
1. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან:
ა) ქალები;
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით;
გ) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;
დ) პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები;
ვ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები;
ზ) მოსამართლეები;
თ) პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური;
ი) საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები;
კ) დიპლომატიური თანამდებობის პირები;
ლ) სასულიერო პირები;
მ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები;
ნ) საქართველოს პარლამენტის წევრები.
2. პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ნებაყოფლობით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური.

მუხლი 9. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება, თუ:
ა) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ბ) იგი პატრონობს შრომისუუნარო, თავის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, რადგან მას არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
გ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
დ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ე) იგი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე;
ვ) ამას მოითხოვს მისი საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია სეზონურ სამუშაოსთან.
ზ) იგი არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. (11/07/2007 N5241)

მუხლი 10. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა
სოციალური დაცვა

სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში მოსამსახურე სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.

მუხლი 11. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის
თავის არიდებისათვის

პირს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილების უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზი, მისი დოკუმენტური დადასტურებით, არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირის ახლო ნათესავის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.

მუხლი 12. გარდამავალი დებულება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რეზერვისტთა დაკომპლექტების წესის, მათი სამხედრო მომზადების პროგრამის შემუშავება და საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა უზრუნველყოს 2007 წლის 1 თებერვლამდე.

მუხლი 13. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
N 4196 - რს

Wednesday, May 26, 2010

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზის და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს. სარდლობაზე დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებას:

 

1. თავდაცვის ეროვნული აკადემიაოფიცრის პროფესიული განათლება;

2. საჩხერის სამთო მომზადების სკოლასამხედრო კადრების მომზადება და გადამზადება ალპინიზმისა და სამთო-ტაქტიკური მიმართულებით;

3. ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისი- ჯარისკაცთა საწყისი სამხედრო და სპეციალიზებული მომზადება;

4. სერჟანტთა სკოლასერჟანტთა პროფესიული მომზადება და გადამზადება;

5. ჯავშანსატანკო სკოლამექანიზირებული და სატანკო ქვედანაყოფების ეკიპაჟების მომზადება

 

როგორ მოვხვდეთ სამხედრო სამსახურში

1. თუ მოქალაქეს შეუსრულდა 18 წელი, კანონმდებლობის შესაბამისად იგი ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.

2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება წარმოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა გამოცხადდნენ შესაბამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ატარებს ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი".

სამხედრო, სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურები

სამხედრო სამსახური

 

სამხედრო სამსახური - ეს არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სამხედრო სამსახურის ოთხი სახე არსებობს - სავალდებულო, საკონტრაქტო, კადრის და სარეზერვო.

 

სამხედრო სავალდებულო სამსახური

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებიც მიიჩნევიან სამხედრო ვალდებულად, რომლებზეც თანაბრად ვრცელდება კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს, ისინი პირადი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნენ საქართველოს სამხედრო სამსახურში. სავალდებულო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.

 

საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

 

წვევამდელები, რომელნიც გამოთქვავენ სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადონ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, ასევე იმ პირებს, რომლებსაც მოხდილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, ან რომლებიც სარგებლობენ კანონით დაგენილი შეღავათით და გადავადებული აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში შესაბამისი შერჩევის შემდეგ გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი). კონტრაქტის მოქმედების ვადა ოთხი წელია, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი კი 640 ლარი. თანხის რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.

 

საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა აიმაღლოს პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, აითვისოს უცხო ენა და მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში.

 

სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ და მიეცემა ფულადი სარგო ორმაგი ოდენობით, ან ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობა და კომპენსირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციების მაღალი რისკის დონის გათვალისწინებით შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი.